Social Networks
facebook
twitter
google +
youtube
instagram
linkedin
ვინ ვართ ჩვენ
მედია
აბონემენტი
Live
კონტაქტი
მთავარზე დაბრუნება
გუდაური
ბაკურიანი
გოდერძი
თეთნულდი
ჰაწვალი
სიახლეები
სიახლეები
მემორანდუმი
24/01/2018
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიასა" და საფრანგეთის სამთო-სათხილამურო სპორტის ეროვნულ სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საფრანგეთის ქალაქ შამონიში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა და საფრანგეთის ალპინიზმისა და სამთო-სათხილამურო სპორტის ეროვნული სკოლის (ENSA, Ecole Nationale de Ski et d’Alpinisme) დირექტორმა ერვე ჟოსერონმა ხელი მოაწერეს ENSA-სა და საქართველოს „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას“ შორის თანამშრომლობის შეთანხმებას. 

"საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე, საქართველოს მთის გიდთა ასოციაციის თავმჯდომარე და კონსორციუმ „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის“ გამგეობის წევრი დათუნა რაქვიაშვილი და თბილისის მედიათეკების გაერთიანების დირექტორი გურამ ნიკოლაშვილი.

მათივე ინფორმაციით, ENSA-სთან თანამშრომლობა, საქართველოში სამთო ტურიზმის განვითარებისა და ამ სფეროში საფრანგეთის მხარის გამოცდილების დანერგვის მიზნით, საფრანგეთში საქართველოს საელჩომ ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო, როდესაც ეკატერინე სირაძე-დელონე ეწვია შამონის და შეხვდა სკოლის ხელმძღვანელობას. 

2016 წლის ივნისიდან საელჩომ, "მთის კურორტების განვითარების კომპანიასა" და საქართველოს სამთო გიდთა ასოციაციასთან თანამშრომლობით დაიწყო კონსულტაციები ENSA-სთან საქართველოში მთის გიდების საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბებასა და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამების შემუშავებაში დახმარებასთან დაკავშირებით. პარალელურად, ორმხრივი შეთანხმების ტექსტის შემუშავების მიზნით, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საფრანგეთის სპორტის სამინისტროსთან, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება ENSA.

”ENSA უნიკალური დაწესებულებაა, რომელიც მოიცავს მთის სფეროში სწავლებისა და ექსპერტიზის სრულ პალიტრას. სკოლა წვრთნის და ამზადებს ალპური ზონის სათხილამურო ინსტრუქტორებს, მთის გიდებს, პარაგლაიდინგის სპეციალისტებს, ალპური ზონის მაშველ პატრულებს. მას სახელმწიფოს მიერ მინიჭებული აქვს, აგრეთვე, მაღალმთიან და ალპურ ზონებთან დაკავშირებული იურიდიული ექსპერტიზის და და სამედიცინო კვლევის ფუნქციები. ENSA, ასევე, ითავსებს მთის სპორტის სახეობათა უმაღლესი საბჭოს (Conseil Supérieur des Sports de Montagne) მუდმივი სამდივნოს ფუნქციებსაც. ENSA-ს მნიშვნელობას საქართველოსათვის ზრდის ის ფაქტიც, რომ სკოლა და მისი სასწავლო პროგრამები მნიშვნელოვანწილადაა ორიენტირებული საერთაშორისო თანამშრომლობისაკენ და სკოლა ყოველწლიურად ამზადებს ასობით უცხოელ მოთხილამირესა და ალპინისტს. ეს მხოლოდ ალპების რეგიონს (საფრანგეთი, შვეიცარია, გერმანია, ავსტრია, იტალია და სლოვენია) არ შეეხება, სადაც გეოგრაფია აუცილებელს ხდის ალპების მოსაზღვრე სახელმწიფოების თანამშრომლობას. ENSA-ს მჭიდრო კონტაქტები აქვს ასევე ანდებისა და ჰიმალაის მიმდებარე სახელმწიფოების სასწავლო დაწესებულებებთან და პროფესიულ ასოციაციებთან და სწავლების გარკვეულ ნაწილს ის ინგლისურ ენაზეც ახორციელებს”, - აცხადებენ "საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიაში".